ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება

10/06/2020

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება – უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ, მაგრამ ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით, როგორ წარიმართება არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შემოსავლების შემოდინება ძალიან სწრაფად მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტს დამატებითი ტრანსფერის სახით, თანხა გამოეყოფა.

„დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისე გავაკეთებთ, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსები ამ პოლიტიკის კომპონენტია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან კონსულტაციები გვქონდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ თანხებს მიკროავტობუსების შესაძენად გამოვიყენებთ. მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე და შემდგომში მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მეტროს ძალოვანი კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომელსაც თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს.

„თბილისის მეტროში ამჟამად მიმდინრე სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვნია პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის, რადგან ყველაზე მეტი მგზავრი დღის განამვლობაში მეტროს გადაჰყავს. რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ, ძალოვანი კაბელებისა და ელექტროსისტემების ცვლილება არ მომხდარა. გასულ წელს „მუნიციპალური განვითარების ფონდისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს დახმარებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პროექტის ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია. სამუშაოების ფარგლებში, უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვესადგურებში კაბელების მიერთება, რომელიც ხუთ მეტროსადგურში („ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“) უკვე დასრულებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იცვლება გამნიავებელი სისტემაც, რადგან საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული აგრეგატები, უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

„რაც შეეხება გამნიავებელ სისტემებს, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროს არსებული ვაგონების მოდერნიზება. ასევე, გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ბევრი საერთაშორისო მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული ამ ტენდერით და დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს მეტროს ახალი თანამედროვე შემადგენლობები ეყოლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიამ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო, რომლებიც ფაქტობრივად, დასრულებულია. თბილისის განვითარების ფონდი ამჟამად, ახორციელებს სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს: არსებული ინფრასტრუქტურისა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი; წყალარინების ქსელის მოწყობა; მწვანე საფარის მოცულობის გაზრდა. ასევე, გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცების მოწყობა; მოხდება არსებული სკეტპტარკის დემონტაჟი, რომელსაც ახალი, თანამედროვე, ევროპული სტრანდარტების შესაბამისი სკეიტპარკი ჩაანაცვლებს; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა განათების ქსელი. დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. პირობას გაძლევთ, ყველა თაობის ადამიანი იამაყებს იმ პროექტებით, რომელთაც მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია.

„სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი მოწესრიგდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებთან, ოჯახებთან ერთად, მწვანე გარემოში დაესვენათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. გარე განათების ქსელის დამონტაჟება დასრულებულია. ველობილიკისთვის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად სამუშაოები კი, ძალიან მალე დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0