პარლამენტში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გამართა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით, 2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმას ახორციელებს, რომლის შედეგადაც ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პატრნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა. ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ 2020 წლის 8 ოქტომბერს, შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დაინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:
„გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია! შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ! მეორე, საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. „სარეიტინგო სიის“ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები. მესამე, ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს!
☑ დაბოლოს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა გუშინ. პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს.