ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა

18/07/2016

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიას იმერეთიდან იწყებს, – რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში წარადგინა.
მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიისა და დავით აღმაშენებლის ქალაქი, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა, – ასე მოიხსენია პრემიერმა ქუთაისი და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის მიზანი და ამოცანა გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა.
„2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერითა და შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თავისუფლება! ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საზოგადოება, შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა. ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, მისი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა.
პრემიერს სჯერა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, რასაც დროც აჩვენებს.
„დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული განვითარების, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას სტაბილური განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობას. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი. „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად. ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, მარტო C ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი. ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია, დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ამ წარმატებას აღიარებს ყველა – საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ხელისუფლება ამაზე ვერ გაჩერდება.
„ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ 4 წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ხალხს სიახლე – ქვეყნის სწრაფი განვითარება, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს. სწორედ ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ის 4-პუქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალ 4 წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ქვეყანაში, უფრო მეტად ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, მივცეთ ჩვენს ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას, შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით – ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას, ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, კომპლექსურად, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ქვეყანას და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს ეს საქმე უკვე დაწყებული აქვს და მას ბოლომდე მიიყვანს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ქმედითი და დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ეს გააკეთოს.
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, დაცული საკუთრება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მთავარი პრინციპები გახლავთ. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებული და ძვირფასია, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება, და ჩვენ მზად ვართ გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს. 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება. მჯერა, ამ არჩევნებში, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ამით ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი – იგი კომაროველია, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად სკოლის დირექტორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორია. წელი არ გავა, რომ მან ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რამდენიმე აღზრდილი რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე არ წარადგინოს და არ მოიპოვოს გამარჯვება. ის ქვეყნის სიამაყეს ზრდის ქუთაისში. იგი აქ დაბადებული და გაზრდილი კაცი ადა დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ქუთაისს და ქუთათურებს.
ქუთაისის 48-ე ოლქში – დიმიტრი მხეიძე, რომელიც პროფესიით ექიმია. ის ისეთ პროფესიას ემსახურება, დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი ადამიანია. მჯერა, რომ ძველ ქუთაისს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში;

ქუთაისის 49-ე ოლქში – კობა ნარჩემაშვილი. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება.
წყალტუბოში წარმოგიდგენთ ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურას. იგი პროფესიით იურისტი გახლავთ. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ცოტნეს სახით წყალტუბოს ეყოლება ახალგაზრდა და ენერგიული წარმომადგენელი, რომელიც წყალტუბოელების სათქმელს მიიტანს პარლამენტამდე.
ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, რომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან.
თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. ბატონი ელგუჯა თერჯოლიდან არის და კარგად იცნობს ამ კუთხეს. წარმატებული ადამიანია თავის საქმეში და მჯერა, რომ ასეთივე იქნება პოლიტიკაშიც. თერჯოლასაც და ტყიბულსაც ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.
საჩხერეში ჩვენი წარმომადგენელი იქნება პაატა კვიჟინაძე, იგი გახლავთ პარლამენტის წევრი. პატრიოტი, მებრძოლი კაცია, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომის მონაწილე. ვფიქრობ, საჩხერელებს მისი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ.
ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგშიც.
ჭიათურაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება სულხან მახათაძე, იგი გახლავთ ჭიათურის გამგებელი. არც ერთი პრობლემა, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურელებს აქვთ, მისთვის უცხო არ არის. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანი საუკეთესო კანდიდატურაა.
ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ჩვენ ვასახელებთ კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იყო ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ბატონი კობას სახით ბაღდათელებს და ხარაგაულელებს პარლამენტში ეყოლებათ ნამდვილი გულშემატკივარი.
სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული – დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც პარლამენტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ თითოეული კანდიდატი გუნდს ღირსეულად წარადგენს და პარლამენტში მოსახლეობის ინტერესების ერთგული დამცველი იქნება.
“ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ, მოქალაქეებს წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მათ წარმატებები უსურვა.
“ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0