ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 400000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

25/04/2019

ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 400000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა.
ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკას, სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების ინსტიტუციურ მოწყობაში და ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვექნება სპეციალიზირებული დაწესებულება საქართველოში, რომელიც ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ხანგრძლივი მოვლის სერვისების ინსტიტუციურ მოწყობას უზრუნველყოფს. ეს არის სერვისი, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში უნდა იყოს.“ – მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0