ჩემი სურვილია, რომ წარმატებული ქართველი ჩოგბურთელები ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილო

15/02/2024

სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილებები შევიდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტის სახელწოდების შეცვლის შემდეგ, იმისათვის რომ კომიტეტის დებულება პარლამენტის რეგლამენტთან თანხვედრაში იყოს, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. კომიტეტის ახალი დებულება კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე მეტრეველს მოუსმინეს. მომხსენებლის ინფორმაციით, ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგად, საქართველო B ჯგუფში დაწინაურდა და ამჟამად იგივე სტატუსი აქვს, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებს. მისივე შეფასებით, ჩოგბურთის კორტების მშენებლობა-განახლება ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულზე საუბრისას ფედერაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა თელავში კორტების დასრულებულ მშენებლობაზე. ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, მიმდინარე წელს იგეგმება ქუთაისის და გორის კორტების რეაბილიტაცია, რაც აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 28 საერთაშორისო ტურნირის გამართვა იგეგმება, სექტემბერში კი „დევისის თასის“ ფარგლებში, საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს. კომიტეტის წევრებმა ჩოგბურთის ფედერაციის საქმიანობა და მიღწეული შედეგები წარმატებულად შეაფასეს და ფედერაციას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„ჩემი სურვილია, რომ წარმატებული ქართველი ჩოგბურთელები ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილო. ფედერაციას კი მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის და კომიტეტის სახელით წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0