მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. შეხვედრაზე იმერეთის რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
“ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა საქართველოში ყველაზე დიდი რეგიონის ხელმძღვანელობა. ვიცი, რომ იმერეთში ამ ეტაპზე ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რეგიონის განვითარებისთვის. მზად ვარ მაქსიმალური გავაკეთო და ხელი შევუწყო ახალი პროექტების დაწყებასა და სახელმწიფო პროგრამების სწორად ათვისებას ამ რეგიონში. ვაპირებ მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და დეპუტატებთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს იმერეთის მოსახლეობისთვის აქტუალურია. მჯერა ცნტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონებში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო. მხარის გუბერნატორმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს. დაგეგმილია 1280 ოჯახზე გათვლილი 12 კორპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, დასრულებულია ერთი კორპუსის მშენებლობა. ბინები უკვე გადაეცა 160 დევნილ ოჯახს კერძო საკუთრებაში. ამჟამად მიმდინარეობს სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.
ამავე პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 70-ბინიანი რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა და მშენებლობის დაბალი ტემპის გამო კონტრაქტორს დაეკისრა საჯარიმო სანქციები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 140 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.