„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მილი მეჯლისის სესიაზე საზოგადოებას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო. მისი თქმით, ჰეიდარ ალიევის მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რომელსაც ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით აფასებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას.
ადამიანი მისი საქმით ფასდება. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გახლდათ ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საწყისი რთული წლების შემდეგ, ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით, მან ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული – საკუთარი ერის გული მოიგო. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო. მისმა მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რომელსაც ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით აფასებს. ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საკვანძო რგოლს წარმოადგენენ. ასე რომ, დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე საუბარიც სწორედ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძნული გადაწყვეტილებების დამსახურებით არის შესაძლებელი. ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე ცნობილი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს, მსურს, აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.