ჩარგალში “ვაჟაობა” აღინიშნა

14/07/2023

ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში მწერლის 162-ე წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა ფოლკლორულ ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტი და ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია.
წარმოდგენას, მოსახლეობასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“გილოცავთ ვაჟაობას! 14 ივლისი განსაკუთრებული თარიღია თითოეული ჩვენგანისათვის, უფრო მეტად კი – ადგილობრივებისათვის, რადგანაც ამ დღეს ჩარგალში ვიკრიბებით და ვაჟა ფშაველას ვიხსენებთ, მწერალს, რომლის შედევრებიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს ღირსეულად ამშვენებს. ვაჟას შემოქმედებასა და ღირებულებებზე ახალი თაობები იზრდება. დღეს ბევრი მათგანი მწერლის 162-ე წლის იუბილეს სწორედ მის მშობლიურ სოფელში აღნიშნავს. მჯერა, რომ ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება და ახალგაზრდობის ჩართულობით, “ვაჟაობის” დღესასწაული მომავალშიც აქტიურად აღინიშნება.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსში “რამ შემქმნა ადამიანად?” გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. კონკურსი ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0