ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი მსოფლიო ბანკის კვლევის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად” განხილვას დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნეს გაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის. გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისა.
გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა კოორდინირებულად მოქმედება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„2022 წელს ხელი მოეწერა შუა დერეფნის განვითარების შესახებ საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს 2027 წლამდე პერიოდისთვის როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფროვნების, მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ შეიქმნა ერთობლივი საწარმო – Middle Corridor Multimodal, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს კოორდინაციის გაუმჯობესებას და ტვირთნაკადების მოზიდვას,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას და შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდას. როგორც გურამ გურამიშვილის აღნიშნა, 2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.
“დღეისათვის საქართველოს აქვს პირდაპირი საბორნე კავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ნავსადგურებთან, თუმცა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს აღნიშნული სატრანსპორტო კავშირები და სიხშირეები. ასევე მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვა, რომელიც 2024 წლიდან უკვე ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში. სისტემის მიზანია ნავსადგურებში გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია და გამარტივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ნავსადგურების გავლით სატვირთო გადაზიდვების სისწრაფესა და მიმზიდველობას. პარალელურად მიმდინარეობს „ნავსადგურების გაერთიანების სისტემის” დანერგვაც,” – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.