შუახევის მუნიციპალიტეტში 10 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

27/09/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტში, 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის რელიეფი მთიანია და როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის. გზის მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 59-ე კილომეტრზე და ამავე გზის 68-ე კილომეტრზე სრულდება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდება საგზაო სამოსი, 1 ხიდი, შეკეთდება კიუვეტები და არსებული ხელოვნური ნაგებობები; ცალკეულ მონაკვეთებზე გაგანიერდება გზის სავალი ნაწილი; ახლიდან მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და შეკეთდება მოსაცდელები; მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, განახლდება საგზაო ნიშნები და შემოფარგვლები, რაც უზრუნველყოფს ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან, ასევე წარმოადგენს საგზაო კავშირს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებთან. გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0