შუაფხოელი მოსწავლეები ამიერიდან სრულ საშუალო განათლებას მიიღებენ

09/11/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. სკოლა წლების განმავლობაში ცხრა კლასიანი იყო. საშუალო განათლების მისაღებად ბავშვებს უკანაფშავიდან მაღაროსკარის ან ბარისახოს სკოლებში გადასვლა და უმეტეს შემთხვევაში პანსიონებში, მძიმე პირობებში ცხოვრება უწევდათ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც შვილის პანსიონში გაშვებაზე უარი თქვა, უკანაფშავიდან ბარის სოფლებში გადასახლდა. მინისტრმა გაითვალისწინა არსებული მძიმე ვითარება და შესაბამისი ცვლილება განახორციელა. ცვლილებამ უკვე მოიტანა პირველი კარგი შედეგი – სოფელს სამი ოჯახი დაუბრუნდა.

„უკანაფშავში სამი ბავშვი დაგვიბრუნდა. ეს სამი ბავშვი სამი ოჯახია. სკოლა ბავშვებისგან არ დაიცლება და სოფელი მოსახლეობისგან“, – შუაფხოს სკოლის დირექტორი, ირმა ცქიფაშვილი დარწმუნებულია, რომ სრული საშუალო სკოლა სოფლის გადარჩენას ხელს შეუწყობს.

ამ დროისთვის შუაფხოს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0