შს სამინისტროს საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი ჟან‐მიშელ პიერი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი, პოლკოვნიკი ბერნარდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკ‐ლეიტენანტი ანტუან ბიარდი. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა. დელეგაციის წევრებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე. „მოგეხსენებათ, ჩვენ ძალზე მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს საფრანგეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, პარიზის პოლიციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტთან. თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამ თანამშრომლობის განვითარების ურყევი საწინდარი იქნება,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, პირდაპირი კონტაქტების, პოლიციის ატაშესა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შს სამინისტროში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შს მინისტრმა ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შესახებ ისაუბრა. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა ჟან-პიერ მიშელმა გიორგი მღებრიშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, დელეგაციის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და იგი კიდევ უფრო ინტენსიური და ეფექტიანი გახდება. შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს შსს-ს რეფორმებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
შს მინისტრი საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დელეგაციას შეხვდა
01/12/2016