შსს-ში ბავშვთა ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

19/11/2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის და საკონსულტაციო ცხელი ხაზის – 116006-ის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს კიბერდანაშაულის საფრთხეები გააცნო და ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობლობის შესახებ რჩევები მისცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ გააცნეს, მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ კანონით ყველა სახის ძალადობა ისჯება. შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და ევროსაბჭოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს „ლანზაროტეს კონვენციის“ წევრი ქვეყნები ყოველი წლის 18 ნოემბერს აღნიშნავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0