საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა – „ერისიონი” 13 აგვისტოს, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე გამართული გრანდიოზული შოუ-კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გზავნილით დაასრულა. კონცერტის დასკვნით ნაწილზე „ერისიონის“ მოცეკვავეებმა ცეკვა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო – საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა და მოქალაქეებს, მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს-ს მიერ დაწყებულ სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ყოველდღიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კომპანიები და რიგითი მოქალაქეები განსხვავებული და საინტერესო ინიციატივებით უერთდებიან. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.