შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა

18/01/2016

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა.

ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, 2016 წლის 15 იანვარს, სისხლის სამართლის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა“, – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეშვიდე კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში – ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

„შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზემოთხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0