მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება – ეს გადაწყვეტილება „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მონიტორინგის ჯგუფი ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით შეიქმნება და ის მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მასზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, მაღალი საჭირობებიდან გამომდინარე, ფორსირებულად უახლოეს პერიოდში დასრულდება და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. „ვიმსჯელეთ, ეფექტურად როგორ დავასტრუქტურიროთ სახელმწიფოს ქმედებები შრომითი უსაფრთხოების ნაწილში და როგორ გახდეს შრომის ინსპექცია ეფექტური. ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მიმართულებით შრომის ინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების ფუნქციები გაძლიერდება, რადგან ფაქტია, რომ სადაც არსებობს სიცოცხლისთვის რისკის შემცველი სამუშაოები, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და პირველ პლანზე უნდა გადმოვიდეს ამ რისკების დაზღვევა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის თქმით, შრომის ინსპექცია გაძლიერდება, მას გაუჩნდება სავალდებულო საზედამხედველო ფუნქცია იქ, სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები ტარდება, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულება უფრო ეფექტურად ამუშავდება და დაიხვეწება ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. დავით სერგეენკოს შეფასებით, ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, ასევე პრაქტიკულად დასრულებულია ახალი კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,“ რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. „შრომის უსაფრთხოების საკითხები მოწესრიგებას რომ საჭიროებს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, დაფუძნდა რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის შრომის ინსპექცია, ასევე სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და შრომითი დავების მედიაციის სამსახური. გარდა ამისა, მიღებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი, რომელზეც დაგეგმილი გვქონდა, რომ მუშაობა დასრულდებოდა წლის ბოლოს და 2018 წელს იქნებოდა განხილვა პარლამენტში, თუმცა, გამომდინარე მაღალი საჭიროებიდან, ფორსირებულად დავასრულეთ მასზე მუშაობა, რამდენიმე ტექნიკური, იურიდიული საკითხია დარჩენილი და მჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში პარლამენტი მას განიხილავს“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ორი მინისტრის ბრძანებით შექმნილი ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი მაღალი რისკის ინდუსტრიის წარმომადგენელ დაწესებულებებში უკვე მომავალი კვირიდან შევა, არსებული რეგულაციების საფუძველზე დაიწყებს იქაური სამუშაო პირობების ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას.
შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება
11/05/2017