აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებულია 66 585 ჰა ფართობზე. აქედან კახეთის რეგიონში – 56 229 ჰა, ქვემო ქართლის რეგიონში – 7 449 ჰა, შიდა ქართლის რეგიონში – 2 436 ჰა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – 471 ჰა ფართობზე.
უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო. მოსავლის შეუფერხებლად, აგროვადების მაქსიმალური დაცვით აღების უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა. მოსავლის აღების სამუშაოებში ჩართულია შპს ,,მექანიზატორის“ 87 ერთეული და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დამატებითი შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია – 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ – 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი – 20), ქვემო ქართლის რეგიონში – 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი – 10), შიდა ქართლის რეგიონში – 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში – 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი.
შპს „მექანიზატორი“ მიმართავს მოსახლეობას მაქსიმალურად კოორდინირებულად იმოქმედონ, რათა აგროვადების დაცვით, დანაკარგების გარეშე, შეუფერხებლად მოხდეს მოსავლის აღება და დაბინავება.
საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც – ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.
შპს „მექანიზატორი“ მიმართავს მოსახლეობას მაქსიმალურად კოორდინირებულად იმოქმედონ
22/07/2016