შოთაობა-2023″ გაიმართა

24/09/2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ღონისძიება “პოეზიის დღესასწაული – შოთაობა-2023” გაიმართა. “შოთაობა 2023” დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
ღონისძირბის დაწყებამდე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაბის ცენტრში, სამკუთხა პარკში მდებარე და სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების პარალელურად გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაწესებული სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
“შოთაობა-2023”-ზე სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის ადიგენის ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ საპატიო ასპინძელები დააჯილდოეს. წოდება მიენიჭათ – სსიპ ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ტრისტან მურადაშვილს, დაბაში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგს ლარისა მელიქიძესა და სოფელ დამალას მკვიდრ ექიმს აკოფ აკოფიანს. ღონისძიებაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მუნიციპალიტეტში 2023 წლის ბოლო პერიოდში ახალდაქორწინებული წყვილები ტრადიციულად “ვეფხისტყაოსნით” დაასაჩუქრა.
პოეზიის სახალხო დღეასაწაულზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500) ლარი ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტ მაია მინდელ-ბენაშვილს გადეცა. მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს. სოფელ რუსთავში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრებს. ასევე, ეთნოგრაფიული კუთხისა და სახალხო დღესასწაულისთვის სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მეხსურ ტრადიციებს. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მოწვეულმა ანსამბლმა “შარა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0