შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება,- ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მთავრობის მეთაურმა უწმინდესის ეპისტოლეს ძირითად გზავნილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში სრულად იყო კონცენტრირებული სიბრძნე და ასევე – პირდაპირი მითითება, რომ მთავარია თავმდაბლობა და არა – ამპარტავნობა, მიმტევებლობა და არა კონფლიქტი.
“საბოლოო ჯამში, უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას. ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. ამიტომ, მინდა პატრიარქს, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღესასწაული, სიკეთის და იმედის დღე და თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო, რომ ყველა ის იმედი, რომლითაც ჩვენ პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ აღვივსეთ, აგვსრულებოდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.