შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა

19/09/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ე.ა., 1992 წელს დაბადებული ე.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ა. და 1991 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს მათგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის აბები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში 2 პირია დაკავებული. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1980 წელს დაბადებული მ.ფ. და 1989 წელს დაბადებული ა.ი. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ იძენდნენ ნარკოტიკულ საშულებას და სისტემატურად ახდენდნენ მის რეალიზებას.
ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 4 მოქალაქე. 1982 წელს დაბადებული ა. ჯ.-ს, 1980 წელს დაბადებული რ. ყ.-ს, 1989 წელს დაბადებული ს. ბ.-ს და 1991 წელს დაბადებული ჟ. ყ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2 კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
დამატებით გაცნობებთ, რომ ბოლო ცხრა თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი.
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, 8990 აბი “სუბოტექსი” და “სუბოქსინი”, 2 კილო და 100 გრამი “მდმა”,1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული მედიკამენტები”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0