გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:
გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.
2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.
სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა.
დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.
მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.
რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.
გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:
� მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;
� გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;
� მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;
� შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად:
გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი;
დასრულდა მუშაობა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ძალადობის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას იძლევა;
გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა;
შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება;
გადაიდგა ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად;
დაიწყო ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.
გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ. გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.