შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის შემოსასვლელი გზის ავჭალის ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე კიდევ ერთი ე.წ ,,შავი წერტილის“ (გზის მონაკვეთები, სადაც ხშირია ავტოსატრანსპორტო შემთხვევები) იდენტიფიცირება მოახდინა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 1 იანვრიდან 21 აგვისტომდე 10 ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც დაშავდა 12, ხოლო დაიღუპა 3 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძირითად პრობლემას ავტომობილების მოძრაობის მაღალი სიჩქარე წარმოადგენს. ამ მიზნით, სამინისტრო შემოვლითი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სექტემბრიდან საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებს მოაწყობს. მანამდე კი კონტროლს განახორციელებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რომელთა აღჭურვილობაში შედის სიჩქარის მზომი მობილური მოწყობილობა. საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები, ყვითელი ფერის მოციმციმე შუქურების (ციმციმა) და მაღალი ხარისხის შუქამრეკლი ნიშნების გამოყენებით. თბილისის მერია კი სიჩქარისმზომი სექციების შესაბამის საგზაო ნიშნებს დააყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებაა. სამინისტროს პრიორიტეტია სწორედ ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად ახორციელებს და ამ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას მნიშვნელოვნად ზრდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში
23/08/2019