შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა.
პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ანტიკვარული ნივთების ქურდობის ფაქტი გახსნა
21/04/2018