შიდა ქართლის რეგიონში მორიგი ახალი სამაცივრე მეურნეობა აშენდა

13/06/2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად მზადაა. შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა დაათვალიერეს.

„სოფელ კარალეთში გაიხსნა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, – აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 45-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად, 14 მლნ ლარზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0