ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანონმდებლო,ადგილობრივი ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრები მცხეთიჯვარში, ბროლოსანში, წაღვლსა და ჩორჩანაში გაიმართა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ლადო კახაძე,თემურ ხუბულური, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრებზე მოსახლეობამ გამოყო პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მათი ყოფა–ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კერძოდ, სოფელ მცხეთიჯვარში ადგილობრივებმა წყლის სისტემის მოწესრიგება და მინი სტადიონის მოწყობა დაასახელეს უპირველეს საჭიროებად. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი მიიღეს ინფორმაცია, რომ პროექტები უახლოეს პერიოდში განხორციელდება. სოფელ ბროლოსანში მოსახლეობამ წყლის სისტემის საკითხის მოგვარება, გარე განათების პრობლემა და ამბულატორიის ამოქმედება დაასახელა მნიშვნელოვნად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი სოფლის ამბულატორიისთვის მიმდინარეობს ინვენტარის შესყიდვის პროცესი, წყლის საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრება, ხოლო გარე განათების პრობლემები უახლოეს დღეებში მოგვარდება.
სოფელ ჩორჩანის მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვნად წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება დაასახელა.
“სოფელი ე.წ. კონფლიქტის ხაზის მიმდებარეა და სწორედ თქვენ ხართ ის გუშაგები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს იცავენ და საცხოვრებელს არ ტოვებენ, ამიტომ განსაკუთრებული მოფრთხილება და მოფერება გვმართებს”–აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ჩორჩანელებთან შეხვედრისას, მან ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში, სოფელ ჩორჩანაში წყლის ჭაბურღილი მოეწყობა, შიდა გზების კეთილმოწყობა კი გაზაფხულიდან დაიწყება.
სოფელის ამბულატორიისთვის შეძენილი იქნება კარდიოგრაფის აპარატიც, რაც ჩორჩანელებისთვის პირველად საჭიროებას წარმოადგენს.
სოფელ წაღვლში, მოსახლეობამ პრიორიტეტად სკოლამდე მისასვლელი გზის და საბავშვო ბაღის მოწყობა დაასახელა, რაზეც მიიღეს ინფორმაცია, რომ პროექტები უმოკლეს ხანებში განხორციელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავაც გრძელდება.