შეხვედრა სოფლად განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით

18/04/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” (ENPARD) ფარგლებში, სოფლად განვითარების პროგრამის კონცეფციის განხილვის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
ნოდარ კერესელიძემ სოფლად განვითარების პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის პროგრამაში ჩართული უწყებების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სოფლად განვითარების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას – აგრარული წარმოების განვითარების, აგრარული წარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საშუალებების განვითარებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფით.
შეხვედრას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ პროგრამის განხორციელებაში ჩართული უწყებების – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები (მინისტრის მოადგილეები), ასევე ევროკომისიის წარმომადგენლები და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0