წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2019“ გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა. ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებების ნახვის საშუალება მიეცათ. ასევე,
ქალაქის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა, წარმოდგენილი იყო წიგნების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები და მოეწყო თეატრალიზებული სანახაობები.
დღესვე სახალხო დღესასწაულზე, ცენტრალურ პარკში, საზეიმო ვითარებაში გრანდიოზული შადრევანი გაიხსნა და შოუ მოეწყო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 600 000 ლარით დააფინანსა.
„შემოდგომის წყალტუბო 2019“-მა ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 139 – ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მწერლის ბიუსტი გაიხსნა. სახალხო დღესასწაულზე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება. წელს ეს სტატუსი წყალტუბოს ღვაწლმოსილ მოქალაქეებთან ერთად, მიენიჭათ: ცნობილ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარსა და პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ევროპის სამგზის ჩემპიონს, ირმა ხეცურიანს.
დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ლელა წურწუმიამ, მაკა ზამბახიძემ და ჯგუფმა „ნონ სტოპი” მიიღეს.