შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრას თბილისში ვუმასპინძლებთ

13/07/2018

„შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრას თბილისში ვუმასპინძლებთ“-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

„აღარაფერს ვიტყვი ჰააგის სასამართლოსთან წარმატებული თანამშრომლობის თაობაზე. ამის შესახებ თავად ჰააგის პროკურორმა, ქალბატონმა ბენსუდამ, საქართველოში ყოფნის დროს მრავალჯერ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს მხრიდან სამაგალითო თანამშრომლობა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ ჰააგის სასამრთლოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის იუბილეს, რომელიც ახლა არის გადამწყვეტ ეტაპზე. მათ მოისურვეს და ჩვენ დავეთანხმეთ, შემოდგომაზე ვუმასპინძლოთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო, უმაღლესი დონის შეხვედრას ჩვენს დედაქალაქში, თბილისში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მოუტანა, იყო ის, რომ − როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თქვენ ყველას გახსოვთ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველო იყო ერთი რიგითი წევრი. დღეს საქართველო ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამო გახლავთ ამ ორგანიზაციის არა რიგითი წევრი, არამედ 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ მიერ მიღწეული წარმატება“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0