ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. პრემიერმა შეკრებილ საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქე სიყვარულით გაერთიანდეს.
„დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელია და რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქაშუეთის ტაძარში დაესწრო პარაკლისს, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღავლინა. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე შეუერთდნენ მსვლელობას, რომელიც ქაშუეთის ტაძრიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.