შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ მრავალფუნქციური შადრევანი ამოქმედდა. იგი 1 300 კვ.მ. ფართობის კომპლექსს მოიცავს, რომელშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული ერთი დიდი და რვა მცირე ზომის აუზი. შადრევანი ლაზერითა და სპეციალური პროექტორითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტომასალის გადატანაა შესაძლებელი.
ადგილზე ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდნენ.
„ფონდმა „ქართუმ“ „ბლექ სი არენასთან“ 5 მილიონი ლარის ღირებულების შადრევანი დაამონტაჟა. ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. იგი აღაფრთოვანებს მნახველებს,“ – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
შადრევნის პროექტირებისა და მონტაჟის ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. კომპლექსი ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.
ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მანამდე „მუსიკოსების პარკი“ და წვერმაღალის ულტრათანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გადასცა.
შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ მრავალფუნქციური შადრევანი ამოქმედდა
11/08/2017