საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების” სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მშენებლობის პროცესი ინტენსიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 300 000 ლარია.
სასტუმროს გარს აკრავს კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეც მუზეუმი განთავსდება. პრომეთეს მღვიმის გამოსასვლელთან მდებარე კომპლექსში ამჟამად 110 ადამიანია დასაქმებული, გაფართოების შედეგად კი, დამატებით 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ბიზნესს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რათა ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა პანდემიის პირობებშიც გრძელდება და ამ სასტუმროს მშენებლობის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. პრემიერის თქმით, ქვეყანა აქტიურად ემზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის.
„სამწუხაროა, რომ ზამთრის სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩავარდა. თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.