შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროპულ მხარეს 10 მაისს გადაეცემა

06/05/2022

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო, — ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა კითხვარის მეორე, მოცულობითი ნაწილის მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეფექტიანად შესავსებად.
როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0