შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები მაქსიმალურად წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება პასუხისმგებელია მოსახლეობის წინაშე, რომელსაც არ აინტერესებს თუ რა სქემით ქირაობს სახელმწიფო ამა თუ იმ კომპანიას.
„სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომლებიც გააჩნიათ. გთხოვთ, პირველ რიგში მოსახლეობას შესაბამისმა უწყებებმა მიაწოდონ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით. ასეთი პრობლემების გამო ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის. გადაადგილების შეფერხებას რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და მოხდეს უბედურება. თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს თავის ვალდებულებას, წავახალისოთ, მადლობა ვუთხრათ და გავითვალისწინოთ სამომავლო თანამშრომლობაში. ხოლო, თუ ვერ ასრულებს, პირიქით, გამოვიყენოთ საჭირო სანქციები. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ, სახელმწიფო რა სტრუქტურით ქირაობს ამა თუ იმ კომპანიას და რომ ქვეკონტრაქტორი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ხალხის წინაშე და მაქსიმალურად შევეცადოთ, კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომელიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები და მომავალ ურთიერთობაში აუცილებლად გავითვალისწინოთ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა მთავრობის წევრებს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში გაარძელონ მუშაობა.
შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები მაქსიმალურად წავახალისოთ
10/01/2016