შედეგი, რომელიც დღეს რეზოლუციის კენჭისყრით მივიღეთ, ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვის გზით არის მიღებული

05/07/2016

შედეგი, რაც დღეს კენჭისყრით მივიღეთ, ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვის გზით არის მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე – “კონფლიქტები საქართველოში“ საუბრისას განუცხადა, რომელსაც ასამბლეამ მხარი დაუჭირა და “თბილისის დეკლარაციაში“ აისახა.

უსუფაშვილის განმარტებით, ბევრ მათ კოლეგას ჰქონდა მოსაზრება, რომ რეზოლუცია ძალიან პირდაპირი, მკვეთრი და მკაფიო, რაც სხვებს გააღიზიანებდა.

“მოხარული ვარ, რომ დეკლარაციაში ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ასახულია სრულად, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. მას შემდეგ, რაც დეკლარაცია-რეზოლუცია საბოლოოდ მიღებულია, შემიძლია, რამდენიმე ისეთი ამბავი გაგიმხილოთ, რომელიც დღემდე მაინც და მაინც ცნობილი არ ყოფილა. პირველ რიგში ის, რომ ეს თემა უპრობლემო სულაც არ იყო და ახლა დარბაზში რუსეთის დელეგაციის გარდა, ყველა სხვა დელეგაციამ მხარი რომ დაუჭირა, ეს თავისთავად მიღწეული არ ყოფილა. როდესაც რეზოლუციის ინიცირების პროცესი დავიწყეთ და ჩემი სახელით კოლეგებს ეს დოკუმენტი მიეწოდა, ძალიან გაჭირდა თავიდან მხარდამჭერების შეგროვებაც კი – 25 ხელმოწერის, რაც მისი ინიცირებისთვის იყო აუცილებელი, რადგან ბევრ ჩვენს კოლეგას ჰქონდა მოსაზრება, რომ რეზოლუცია ძალიან პირდაპირი, მკვეთრი და მკაფიო იყო, ეს ხომ არ გააღიზიანებდა სხვებს და ასე შემდეგ. ეუთო-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა საელჩოებმა პრაქტიკულად ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოში ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ მხარდაჭერა ყოფილიყო უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ასე, რომ ის შედეგი, რაც კენჭისყრით მივიღეთ, ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვის გზით არის მიღებული. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ფუნქციონირებადი სახელმწიფო, ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ ხოლმე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს. პლენარულ სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ ეუთო-მ დაამტკიცა თბილისის დეკლარაცია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 19 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციაში, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას.
ამასთან, რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0