შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა

07/06/2019

შატილის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა 7 ივნისს, დღის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური სამუშაოების შედეგად გაიხსნა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას და იქ ჩარჩენილ ტურისტებს საშუალება მისცა უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ. გზის აღდგენითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ხოლო ვითარების სტაბილიზების პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩართულნი იყვნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები. გზის აღდგენითი სამუშაოები შპს “მამისონმა” განახორციელა. შატილამდე მისასვლელი გზა 5 ივნისის ძლიერი სტიქიის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ 80 მეტრზე დააზიანა, რის შედეგადაც შატილის ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფელთან მიმოსვლა შეწყდა და იქ მყოფმა ტურისტებმა გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0