საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ იანგ სიონგმა შანხაის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. შანხაის მერის განცხადებით, ეს იქნება ახალი გვერდი საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შანხაიში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი ბიზნესჰოლდინგის CEFC China Energy-ის პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, რომელმაც დადებითად შეაფასა 26–27 ივლისს გამართული საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში 200–ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ ქართველ პოტენციურ პარტნიორებთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მიაღწია.
მისი თქმით, ფორუმმა აჩვენა ორივე ქვეყნის კერძო სექტორის მზაობა თანამშრომლობისკენ. „ფორუმმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისაგან. ჩვენი კომპანია იზიარებს აბრეშუმის გზის–ახალი ეკონომიკური სარტყელის ინიციატივას და მოწოდებულია, ითანამშრომლოს და ინვესტიციები განახორციელოს მის მონაწილე სახელმწიფოებში“- განაცხადა CEFC China Energy-ის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჰოლდინგი შანხაის უმსხვილეს კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესრეიტინგის Global Fortune 500–ის 113–ე ადგილი უკავია.
ჩინური მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულ და ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ შანხაის მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ჩინეთის ეკონომიკურ–ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
შანხაის მერმა ჩინურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა
28/07/2016