საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის და გაიანას პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და არაღიარების პოლიტიკაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია რუსული ოკუპაციისა და მისი ნეგატიური შედეგების შესახებ. აგრეთვე, ხაზი გაუსვა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
ფიჯის, სეიშელის, გაიანას და ტანზანიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს და განმარტეს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.
შეთანხმდნენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების დონეზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საჭიროებაზე. გარდა ამისა, შეხვედრებზე სიღრმისეულად მიმოიხილეს რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მათი სოციალურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები. შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის და გაიანას პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა
14/10/2022