საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ლიხტენშტაინის სამთავროში პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და ლიხტენშტაინის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აგრეთვე, ლიხტენშტაინის ინტერესის გათვალისწინებით, ესაუბრა საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მომავლის გეგმებზე. ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების და აქტივობების მხარდაჭერისთვის. ასევე, დააფიქსირა გაეროსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა. გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე, რასაც კარგ საფუძველს უქმნის საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA-ის) ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიერ ლიხტენშტაინის სამთავროში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
15/03/2024