საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს კოენ ლენარტსს შეხვდა. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. კოენ ლენარტი მიესალმა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და წარმატება უსურვა პარლამენტს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. აგრეთვე, ქართულ მხარეს გააცნო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება. შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ლუქსემბურგში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
08/12/2022