საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა შაჰიდს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი მიესალმა აბდულა შაჰიდის მიერ გაეროს 76-ე სესიის წარმატებით წარმართვას და მისი პრეზიდენტობის ვადაში განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს ოფისებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილა და მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალმხრივი დიპლომატიის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და პოლიტიკაში ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შალვა პაპუაშვილმა აბდულა შაჰიდს მადლობა გადაუხადა მალდივის რესპუბლიკისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
25/07/2022