პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობაიას ელვუდსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოვლინებულ მრჩეველს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში. ასევე, ხაზი გაესვა ბრიტანული მხარის ჩართულობას საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში, კერძოდ კი, საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებულ რეფორმებზე. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელება.
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
09/02/2022