საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატო-ს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანია დისკუსია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე.
„ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იქნება გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე მივმართავ კომისიის სხდომას. იქნება დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსჯელობა შეეხება რეგიონში, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ველოდები, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართება. კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში. 2022 წელს, იანვარში, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათაო ოფისში განხორციელდა. ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებოდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.