შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

11/12/2023

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში არსებული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების და ქ. განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მემორიალური დაფის ინსტალაციისთვის. მიმოიხილეს, აგრეთვე, პარლამენტების დადებითი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების საქმეში. აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0