შალვა კერესელიძე, მცხეთაში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

06/09/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, მცხეთაში, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ვაზიანის, ჩარდახის, ძველი ქანდის, გალავანისა და ახალდაბის საჯარო სკოლებში კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლებში სველი წერტილები მოეწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდება. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

„რეგიონის მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში სრულად განახლდება სამი სკოლა-პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტში. შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიღება კეთილმოწყობილ გარემოში შეძლონ“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რეგულარულ მონიტორინგს უწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0