მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მერის წარმომადგენლებს, საკრებულოს დეპუტატებს და კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს შეხვდა. შალვა კერესელიძემ, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთში COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა და სამომავლო ნაბიჯები განიხილა. მოხალისეთა ჯგუფებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 140 ადამიანია გაწევრიანებული. ისინი, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. მოხალისეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განაწილდებიან და მოსახლეობას, მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ. ასევე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეებს.
COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები. თვითმმართველობის წარმომადგენლები საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ. ისინი მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. აღსანიშნავია, რომ მოხალისეებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების გადამზადება უკვე მიმდინარეობს. მათ შესაბამის კონსულტაციებს მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უწევენ.
შალვა კერესელიძე, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
19/03/2020