მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა მცხეთა-მთიანეთის აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი გახსნის საკითხზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, რეგიონში არც ერთ აგრარულ ბაზარს ფუნქციონირება არ განუახლებია. ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად ეცნობიან. მათ მიერ უკვე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემდგომ ბაზრებში სავაჭრო პროცესი ეტაპობრივად აღდგება. შალვა კერესელიძემ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპის პირობებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით გასატარებელი ზომები შეაჯამა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას ანახლებენ სამშენებლო კომპანიები. აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სამუშაო პროცესი განახლდება ავტოსარემონტო კომპანიებშიც.
შალვა კერესელიძემ, უწყებათაშორისი ჯგუფის წევრებთან, რეგიონში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე იმსჯელა
05/05/2020