მცხეთა-მთიანეთში, ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მორიგი სოციალური ღონისძიება განხორციელდა. მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს პირადად ესტუმრა და მათ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა. შალვა კერესელიძემ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან მოსახლეობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირაა დაუღალავად შრომობენ. ამ ბრძოლაში თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩეთ სახლში და ზედმიწევნით შეასრულოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.