მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტში, 2018-2019 წლებში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა. ანგარიში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა წარმოადგინა. ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
თიანეთის მასშტაბით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად განხორციელდა. მოასფალტდა შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ქუჩებს. გრძელდება თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. დასრულდა ნაპირსამაგრების მოწყობა მდინარე იორზე.
აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საბავშვო ბაღი დაბა თიანეთში და სოფელ სიმონიანთხევში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაღებს დაბა თიანეთში, ღულელებში, საყდრიონში და ჟებოტაში. საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მისაღებად ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. ასევე, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონები ჟებოტაში, ტუშურებში, ღულელებში და ახალსოფელში.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს სოფლებში – ღულელები, წყაროთუბანი, ხადოელები, გუდანელები, მაგრანეთი, დევენაანთხევი, ჟებოტა, ძებნიაურები და თეგერაანები. მიმდინარეობს არტეზიული ჭისა და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობა სოფელ გორანაში.
აქტიურად მიმდინარეობს დაბა თიანეთის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში კულტურის ცენტრი სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. რეაბილიტირდა მრავალფუნქციური შენობა სოფელ ჟებოტაში. შენობაში ბიბლიოთეკა, ამბულატორია, მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს დეპუტატის ოთახები განთავსდება.
აშენდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაბა თიანეთში. გარემონტდა სოფელ ნაქალაქარის ამბულატორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალსართულიან საერთო საცხოვრებელ კორპუსებს დაბა თიანეთში.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 90-მდე სოფელში დაფინანსდა. სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. ნაწილიც დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები და სპორტული მოედნები და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. ჯამში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა თანხამ დაახლოებით 850 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე განხორციელდა სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროექტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს წარმატებულმა ახალგაზრდებმა, სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახებმა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებმა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, მომავალი წლისთვის აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საგანმანათლებლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დასახლებების გაზიფიცირება.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული და განხორციელებულ სამუშაოებზე რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებს.
შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტში, 2018-2019 წლებში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა
11/12/2019