შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება

25/12/2023

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას – 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0