ყურადღება გამახვილდა სოფელ სამებაში არსებულ საბაჟოს მნიშვნელობაზე, რომლის რეაბილიტაცია წელს დასრულდა

13/12/2022

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში აშოტ სმბატიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-სომხეთს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დასრულდა, ყურადღება გამახვილდა აგრეთვე სოფელ სამებაში არსებულ საბაჟოს მნიშვნელობაზე, რომლის რეაბილიტაცია წელს დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბაჟოს არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ მეზობელ ქვეყნას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანმანათლებლო კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, დადებითად შეფასდა 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად დაეუფლონ სახელმწიფო ენას და აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის მშენებლობაში და მოხდეს მათი ინტეგრაცია. სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა აშოტ სმბატიანს ახალ თანამდეობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0